საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა აშშ-ში მთავრობის წევრების სამუშაო ვიზიტი შეაფასა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-25

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ხელშესახები შედეგებით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ში სამუშაო ვიზიტი, რომელშიც პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობდნენ.

პრემიერმა ისაუბრა იმ შედეგებზე, რომლითაც დელეგაცია აშშ-დან დაბრუნდა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC), რომლის თანადგომითა და უშუალო მხარდაჭერით საქართველოში ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, საქართველოს მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 100 მლნ აშშ დოლარის პირდაპირ გრანტს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი ძალიან დაინტერესდა ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმით და იმ ფისკალური რეფორმებით, რომლებსაც ვახორციელებთ. მან გადაწყვიტა, პირადად ჩაერთოს რეფორმების განხორციელების პროცესში. იგი გახლავთ „ბიზნესის კეთების სიმარტივის" ჯგუფის ხელმძღვანელი მსოფლიო ბანკში და მისი მონაწილეობა ჩვენი რეფორმების პროცესში და მისი რჩევები უმნიშვნელოვანესი იქნება", - განაცხადა პრემიერმა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა პოლ რომერს და ასევე - მსოფლიო ბანკს მჭიდრო ჩართულობისთვის.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ბანკი გეგმავს 2017 წელს დამატებით გამოყოს 250 მლნ ევროს რესურსი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

პრემიერის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ძალიან გააქტიურდა კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებითაც.

„არის ასეთი, ინოვაციური და დამწყები ბიზნესის დაფინანსების სპეციალური პროგრამა - InnovFin, რომელში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დამწყებ ბიზნესმენებს. 2016 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი საქართველოზე და თანხამ 1 მლრდ ევროს მიაღწია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სივრცით განვითარების გეგმით და ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესება გამოთქვა მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა „ბარკლაიმ". ის დაინტერესდა საჯარო-კერძო დაფინანსების სქემებში ჩართვით, რასაც ჩვენ მივესალმებით. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რამდენად მნიშვნელოვანი და სწორად სტრუქტურირებულია ეს რეფორმა და განვითარების ეს გეგმა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის დადებითი შეფასება, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ლარიზაციის სამთავრობო გეგმამ მიიღო.

„ამ გეგმის შედეგად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოთქვა სურვილი, გამოუშვას ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციები, რაც უმნიშვნელოვანესია. დღემდე, კორპორაციას საქართველოში კერძო სექტორში 59 პროექტი აქვს განხორციელებული და მთლიანობაში 1,64 მლრდ აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული. ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გეგმავს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებას, სპეციალურად ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალის ასათვისებლად, საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების დაფინანსებისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანობაში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა დადებითად შეფასდა მსოფლიოს სამი უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტოს - Fitch Ratings; Moody's; S&P-ის მიერ. ყველა სააგენტოს მიერ არის აღნიშნული პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ბევრ სექტორში, მათ შორის - წარმოების განვითარების ხელშეწყობაში, ექსპორტში, ტურიზმში, ფულადი გზავნილების მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაში და ა.შ. მთლიანობაშ
ი, ის ძალიან დიდი პოზიტივი, რომელიც ბოლო პერიოდში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის ყველა კომპონენტი არის სწორად სტრუქტურირებული, მათი შესრულება არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ გეგმას. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მიმართულების ნაწილში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის მეტ კეთილდღეობას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური