საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-13

 

 

მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება და ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი 2500 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას, რომელთა პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი ყველა ძირითადი სერვისი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგად იმუშავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მისმა სამინისტრომ და წინამოსამზადებელი სამუშაო უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა.

„ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, რომელსაც ექნება ყველაზე ხელშესახები შედეგი იმ თვალსაზრისითაც, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, ძალიან სწრაფად და უპრეცედენტოდ მოკლე დროში გარდაიქმნება ინფრასტრუქტურა და ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთ შეასრულებს იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მინისტრთა კაბინეტს წარმატებები უსურვა მასშტაბური პროექტის განხორციელებაში, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური