საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

„დარიალი ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-08

123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში, - ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური - „დარიალი ჰესი" გაიხსნა. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. უნიკალური ჰესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში - ასე შეაფასა "დარიალი ჰესი" პრემიერმა. "ეს არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან დღეს არაერთი ელექტროსადგური ამ მოდელის მიხედვით შენდება.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ. ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის, ასეთი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის ამუშავება უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


„დარიალი ჰესის" აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები განახორციელეს „დარიალენერჯიში" შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტში აგრეთვე ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის წილობრივი მონაწილეობა 23%-ია. მთავრობის მეთაურის შეფასებით, "დარიალი ჰესი" ჰიდროენერგეტიკის სექტორში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტია.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა კომპანიას, ყველა მშენებელს, თითოეულ მუშას, ვისი შრომითა და თავდადებითაც, საკმაოდ რთულ პირობებში, უპრეცედენტო ტექნიკური საშუალებებითა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრომექანიკური მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი ჰიდროელექტროსადგური აშენდა. "აუცილებლად მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რამდენად კომპლექსურად მიუდგა მთავრობა ამ მშენებლობას. ეს პროექტი ამ თვალსაზრისითაც უნიკალურია. პროექტის განხორციელების მთელი ციკლის განმავლობაში, სრულად იყო დაცული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რომლის უმკაცრეს მონიტორინგს ახორციელებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები. სწორედ ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ დევდორაკ-ამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკული დონე და დროულად დაფიქსირდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესები.

ამ სისტემამ უკვე წარმატებით იმუშავა და ჩვენ შევძელით არაერთი სიცოცხლის გადარჩენა. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ როდესაც გვქონდა ძალიან რთული პერიოდი, დევდორაკის ჩამოწოლის შედეგად ჩაიკეტა გზა გარკვეული პერიოდით, ამ კომპანიის სრული რესურსი - როგორც ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა იყო სახელმწიფოს ინტერესებისთვის მობილიზებული", - განაცხადა პრემიერმა და კომპანიის ხელმძღვანელს, ლაშა იორდანიშვილს პირადად გადაუხადა მადლობა, კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო ინტერესების უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „დარიალი ჰესის" პროექტს აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, - პროექტის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაწყებულია 200 ჰექტრამდე ტყის გაშენება. "აქ ირგვება გარემოსთან ყველაზე თავსებადი ადგილობრივი ხის სახეობები. ტყის განაშენიანების დასრულება დაგეგმილია 2021 წლისათვის. მხოლოდ ამ პროექტის ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენს", - აღნიშნა პრემიერმა და ამ მიმართულებით გაწეული დიდი მხარდაჭერისთვის ავსტრიის მთავრობას მადლობა გადაუხადა. ამასთან, უკვე გაკეთებულია თევზსავალი, რათა მდინარე თერგის ბიომრავალფეროვნება შენარჩუნდეს. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი „დარიალი ჰესის" სტრატეგიულ მდებარეობას საქართველოს ენერგორუკაზე.

"ამ ჰესის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საინჟინრო თვალსაზრისით ეს გახლავთ ყველაზე რთული ნაგებობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აშენდა. აქ აშენებულია საინჟინრო თვალსაზრისით ძალიან რთულად ასაშენებელი ხუთი გვირაბი - 5,5 კმ-იანი, 500 მ-იანი, ორი - 300მ-იანი და ერთი - 150მ-იანი, რაც ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია და მინდა, მშენებლებს ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს, ავსტრიის მთავრობას და ევრობანკს - "საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცენდენტოდ აქტიურ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში".

„დარიალი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ/სთ-ია. პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრო-მექანიკური და მანქანა-დანადგარები. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად 200 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მლნ აშშ დოლარია. „დარიალი ჰესი" საქართველოში და EBRD-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით დაფინანსებულ პროექტებს შორის პირველი კარბონ-ნეიტრალური ჰესია. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 420 ადამიანი იყო დასაქმებული, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 70 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია. ჰიდროელექტროსადგურის პროექტს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული - 2014 წლის EMEA Finance საფინანსო პროექტების დაჯილდოების ცერემონიაზე, სს „დარიალი ენერჯის" ჯილდო მიენიჭა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ჰიდროპროექტის, „დარიალი ჰესის", განხორციელებისთვის; ხოლო, EBRD Sustainability Awards 2017-ზე - სს „დარიალი ენერჯის" მიენიჭა ვერცხლის ჯილდო, „დარიალი ჰესის" პროექტის ფარგლებში საუკეთესო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დამკვიდრებისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური