საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

„გაახარე შენი ბზა!“ ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-06

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდეს აქციას - „გაახარე შენი ბზა!" პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თხოვნით მიმართა საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავონ „წითელი ნუსხით" დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად.

„მინდა, მადლობა გადავუხადო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ აქტივობისთვის, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკლესიასთან ერთად, რათა მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ „წითელ ნუსხაში" შეტანილ ამ უძვირფასეს მცენარეს - კოლხურ ბზას. მოსახლეობას წინასწარ ვულოცავ ბზობის დღესასწაულს და ვთხოვ, რომ თავი შეიკავონ ბზის გაჩეხვისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ, პირიქით, გავამრავლოთ ეს ულამაზესი მცენარე. გასული წლების ისტორიით თუ ვიმსჯელებთ, უმოწყალოდ ხდება ამ მცენარის განადგურება, რაც არ უნდა დავუშვათ. კარგია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები გაითვალისწინებენ ამ მნიშვნელოვან თხოვნას. დღესასწაული კარგია, ჩვენ ყველანი ერთად ვზეიმობთ, თუმცა მცენარესაც უნდა გავუფრთხილდეთ," - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური