PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს პროგრესს მიესალმებიან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-30

3

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოში სასამართლო რეფორმის, კანონის უზენაესობისა და მედიაგარემოს მიმართულებით მიღწეულ პროგრესს მიესალმებიან, - ამის შესახებ ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.

მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცეს და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს.

საუბრისას, აქცენტი გაკეთდა მონიტორინგის ფაზიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე საქართველოს გადასვლის საკითხზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლას იმსახურებს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური