საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი ბრიფინგი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-28

2

დღეს არის დიდი წარმატების დასაწყისი, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ჟან-კლოდ იუნკერის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ძალისხმევის შედეგია.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ბრიუსელში ამ დღეს, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირში იმოგზაურონ უვიზოდ და დარჩნენ აქ 90 დღის გამავლობაში, როგორც ტურისტები, ასევე მოინახულონ თავიანთი ოჯახის წევრები, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ ამბიციური რეფორმების განხორციელების წყალობით," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაცია მოიტანს ხელშესახებ შედეგებს და გაამყარებს ხალხთაშორის კავშირებს.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიასა და პრეზიდენტ იუნკერს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულებისათვის გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ჩარჩოა, რომელიც გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და მისი სრული გამოყენება მთავრობის პრიორიტეტია.
"ჩვენ ვაანალიზებთ DCFTA-ს ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, რათა ქართული პროდუქტები სხვადასხვა ბაზრის შესაბამისი გავხადოთ. ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების გათავისებით ჩვენ ვზრდით საქართველოს მიმზიდველობას უცხოური ინვესტიციისათვის. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ბიზნეს კავშირების გაფართოების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და დიალოგს და ვგეგმავთ მივაღწიოთ ყველა დასახულ მოთხოვნას სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ვაფასებთ რეფორმების პროცესში ევროკავშირის მყარ მხარდაჭერას," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური