საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მიმდინარეობს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-22

ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება, - მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე - მალთაყვის საკურორტო ზონაში ტურიზმის განვითარებას.

"ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო მიმართულება. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს ფოთთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული ქალაქი, რომლის პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა პრემიერმა.

მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პროექტის ღირებულება 18 500 000 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადამიანი. პროექტი 2018 წელს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური