საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ბობ უოლშის ხსოვნის საღამო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-11

2  3

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას საქართველოს საპატიო მოქალაქის, ამერიკელი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბობ უოლშის სახელი დაერქვას - ამგვარი ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართა.

გიორგი კვირიკაშვილი ბობ უოლშის ხსოვნის საღამოს დაესწრო და მის მეგობრებთან ერთად, საქართველოს ნამდვილი ქომაგი გაიხსენა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბობ უოლში იყო საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 80-იან წლებში ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა საქართველოთი.

"ეს იყო პირველი ყინულის გატეხვა, რომელსაც ჰქონდა შემდგომი განვითარებისთვის გზამკვლევის ფუნქცია. ამიტომ არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ბობ უოლშის მეგობრობა საქართველოსთვის და ამიტომ არის განსაკუთრებული ის საქმე, რომელიც მან საქართველოსთვის გააკეთა. მან გამოიყენა მთელი თავისი რესურსი, ის იყო პიონერი, რომელიც ჩამოვიდა აქ საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში. ბობმა გზამკვლევის როლი ითამაშა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელთაც სურდათ საქართველოსთან ურთიერთობა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ის არის საქართველოს საპატიო მოქალაქე," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკელი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბობ უოლშის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბობ უოლშის ქართველი მეგობრების, მათ შორის საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, თედო ჯაფარიძის ინიციატივით გაიმართა, რომელიც უძღვებოდა ხსოვნის საღამოს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური