შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-08

2  3

იტალიის პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონი რომში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

კიჯის სასახლეში, საპატიო ყარაულის თანხლებით, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ახალი ეტაპი და მკვეთრი დინამიკა საქართველო-იტალიის ურთიერთობებში, - ასე შეაფასა იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ ქართველი კოლეგის ოფიციალური ვიზიტი რომში. იტალიის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-იტალიის ურთიერთობების მიმდინარე საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლისთავის თარიღზე.

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოს უნიკალურ გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იტალიურ ინვესტიციებს საქართველოში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ დინამიკურ თანამშრომლობას კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

გიორგი კვირიკაშვილმა და პაოლო ჯენტილონიმ ისაუბრეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. იტალიის მთავრობის მეთაურმა გამოხატა კმაყოფილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების გამო.

მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პაოლო ჯენტილონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გიორგი კვირიკაშვილმა იტალიის პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო იტალიის მეგობარი ქვეყანა და სანდო პარტნიორია.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური