საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-21

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულების კოორდინაციას ჩაიბარებს, - მესამე ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო.

„განათლება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დარჩება, როგორც არის აქამდე, თუმცა, სანდროსთან ერთად წარმართავს და განახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას. ეს პოლიტიკა გახდება პროაქტიური და ამ მიმართულებით იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავას ასევე ძალიან ბევრი საინტერესო იდეა აქვს ახალგაზრდობის პოლიტიკის კუთხითაც. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებას, ვიცე-პრემიერის რანგი გარკვეულწილად გააძლიერებს.

„ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს; კახი კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით; ალექსანდრე ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ალექსანდრე ჯეჯელავას წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური