საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს შეხვდა. 

საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე ვითარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ანტონიო გუტიერესის ხელმძღვანელობით, გაერო  კიდევ უფრო აქტიურ როლს შეასრულებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. 

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ნაბიჯებზე, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. 

ხაზი გაესვა გაეროს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატებში. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია. ანტონიო გუტიერესმა მზადყოფნა გამოთქვა, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ეწვიოს საქართველოს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური