საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 3 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-03

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა, დაემატა 18 საკითხი. 

 დღის წესრიგი

მთავრობამ, „სააფთიაქო ნარკომანიის" წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, დაამტკიცა ცვლილება ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში, რომლის თანახმად, ფარმაცევტებს, პირველი ჯგუფის - ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ და არსებული კანონის დარღვევის გამო, ავტორიზებულ აფთიაქებში პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.

უახლოესი თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაიხსნება, - შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2016 წლის პროგრამაში", მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შევიდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გაიხსნება ბავშვთა ტუბერკულოზის კორპუსის გარემონტებული შენობა, ასევე, რამდენიმე რაიონული საავადმყოფო - ლენტეხში, ხარაგაულსა და დედოფლისწყაროში და C ჰეპატიტის დიდი ცენტრი - ზუგდიდში.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 95 ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწა და საცხოვრებელი სახლები დაუკანონდა. წალკა, ნინოწმინდა, ლაგოდეხი, სიღნაღი, გურჯაანი,ახმეტა, ხონი, მარნეული და თეთრიწყარო, ეს ის რაიონებია, სადაც ეკომიგრანტებმა უძრავი ქონება მიიღეს. საუბარია 2600 კვადრატულ მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 40-50კვ/მ შენობა-ნაგებობაზე. მიმდინარე წელს, 397 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით და პროცესი გრძელდება.

სახელმწიფო, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას 7-სულიან ოჯახს, „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში სახლს შეუძენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა. ისინი სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან მესტიის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, ონის, ხულოს, დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ხოლო მათი საქმიანობის სფეროებია - მარცვლეული კულტურის მოყვანა, პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის ცხობა-რეალიზაცია, თაფლის წარმოება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება, მერქნის გადამუშავება, ბლოკების წარმოება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური