საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 23 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის განკარგულებით, „ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე" იქმნება, რომლის განვითარების სტრატეგია დღევანდელ ღონისძიებაზე დამტკიცდა. სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ხელშეწყობისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და უწყებებს დაევალათ, ხოლო მუნიციპალიტეტებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთაც არ ჰყავთ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, ეთხოვათ, კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომლის თანახმად, სხვადასხვა რეგიონში, 71 ეკომიგრანტ ოჯახს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა. მიმდინარე წელს, სახლი მიწის ნაკვეთით, საკუთრებაში  302 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა და პროცესი გრძელდება.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, ბიტუმოვანი საწარმო შეიქმნება მარტყოფში, რისთვისაც, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „ჯორჯიან ინდასთრისთვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განხორციელდება.

ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ჩაის საწარმო ამოქმედდება ოზურგეთის  დაბა ლაითურში. შესაბამისი განკარგულების პროექტი, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ახალი ქართული ჩაისთვის" იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ", მთავრობამ დღეს დაამტკიცა.

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება ემატება, - განკარგულების პროექტით, რომელიც სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარადგინა, კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით, დამატებით, 38 ათასი ადამიანი ისარგებლებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ცვლილება შევიდა „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის  2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში", რომლის თანახმად, ჩამორთმეული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები, უსასყიდლოდ განაწილდება სოციალური მიზნებისთვის, ან კანონის შესაბამისად განადგურდება.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე ნებართვის გაცემის შესახებ". პროექტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში,  წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის მოწყობის მიზნით, „წითელ ნუსხაში" შეტანილი ჩვეულებრივი წაბლის ოთხი ინდივიდის მოჭრას გულისხმობს. პროექტის განხორციელების შემდეგ, წყლით უზრუნველყოფილი იქნება 800-ზე მეტი ოჯახი, რომელსაც უწყლობის პრობლემა 30 წლის განმავლობაში აწუხებდა. პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური