19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-21

საქართველოს მთავრობის მეთაური თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაარსების მნიშვნელობას და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების დროულად ამოქმედების აუცილებლობას. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.  საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქი ხალხისადმი და გამოთქვა რწმენა, რომ სტაბილური და დემოკრატიული თურქეთი რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი იქნება. აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად განამტკიცებს.

ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის შეხვედრის მთავარი თემები. 

შეხვედრა თურქეთში განვითარებული მოვლენების შეფასებით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და თურქი ხალხისადმი. მისი განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთში სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თურქეთის სტაბილურობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის და საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების აუცილებლობა და თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტი გაზრდის პერსპექტივები. საუბარი შეეხო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ერთობლივ პროექტებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას.

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ისმაილ ქაჰრამანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის განვითარებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტისა და თურქეთის ეროვნული მეჯლისის მეგობარი ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის შენობის ის ნაწილი დაათვალიერებინა, რომელიც თურქეთში გადატრიალების მცდელობის დროს დაზიანდა.

საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება - ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით, ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ინსტიტუციონალურ სახეს შესძენს ისედაც აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თურქეთთან აკავშირებს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა. მისი თქმით, მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასააქტიურებლად, მნიშვნელოვნია ბაზრებზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაბალანსება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქულ ბაზარზე. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ბიზნესწრეების საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებას. ამ თვალსაზრისით, საქართველო არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს საქმიან წრეებს, განსაკუთრებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის გათვალისწინებით. სხდომაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე. საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

საქართველოსა და თურქეთის მთავრობები მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ - შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოსა და თურქეთის მთავრობა თანამშრომლობას აღრმავებს ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის მიმართულებით. "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ" ახალი შეთანხმება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში, ასევე სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, შეთანხმების მონაწილე მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების განვითარების მიზნით, ხელი მოეწერა „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ჩარჩო შეთანხმების" პროექტს.
ორი ქვეყნის მთავრობებს შეთანხმდნენ  შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობაზე. შეთანხმებას ხელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოაწერა. დღესვე თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შორის, სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილმა მოაწერა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი