პრემიერ–მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15-16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება.

საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრის მთავარი თემები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა მისთვის დაკისრებული ყველა ამოცანა, რაც ევროკომისიამ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღიარა. გამოითქვა იმედი, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც უკვე განიხილება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, უახლოეს მომავალში დადებითი გადაწყვეტილება მოჰყვება. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემაზე და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებს და რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ეუთო-ს როლის ზრდას და მეტ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. გიორგი კვირიკაშვილმა და ანგელა მერკელმა იმსჯელეს საქართველოსა და გერმანიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მჭიდრო დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობები განავითარა საქართველოსთან.


შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები ძალიან კარგია და ამაზე მეტყველებს, როგორც პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის ვიზიტები გერმანიაში და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ივლისშია დაგეგმილი.  „საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე, ჩვენ ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამ სულისკვეთებით წარიმართა. ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. აღვნიშნეთ, რომ კარგია, რომ 2017 წელი გამოცხადდა ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად და კარგია, რომ 2018 წელს საქართველო წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როგორც სტუმარი ქვეყანა. ეს ბევრ გერმანელს მისცემს საშუალებას, გაიცნოს ქართული კულტურა, ქართველი მწერლები უკეთესად, ვიდრე აქამდე", - განაცხადა კანცლერმა. 

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოსთან, ასევე, ევროკავშირისა და ნატო-ს ერთობლივი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს.  კანცლერის თქმით, გერმანია ინტერესით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას. გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და „ყოველთვის არამარტივ, მაგრამ ძალიან ამბიციურ გზაზე" წარმატებები უსურვა. 

ივლისის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა, - ვიზიტის დეტალებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ურთიერთობის გამოხატულებად შეაფასეს. შეხვედრის მთავარი თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები იყო. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანიის საგარეო უწყება მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღიარებს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტ ლამერტთან.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმები. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადებით, გერმანია მიესალმება სავიზო ლიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ზოგადად, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა  გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრ იოჰანა ვანკას. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ხაზი გაუსვეს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელ ნაწილზე - განათლების რეფორმაზე, რაც პროფესიულ განათლებაში გერმანული მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. მისი თქმით, გერმანული დუალური მოდელი გულისხმობს მიდგომებს, რომელიც მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან და კურსდამთავრებულების მომავალ დასაქმებასთანაა დაკავშირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გამოითქვა იმედი, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებული განათლების სისტემა ქვეყანას მეტ კვალიფიცირებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და მეტ დასაქმებულ ადამიანს შესძენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს, იოჰანა ვანკას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წარუდგინა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალურ სამინისტროს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რაც პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ქვეყნის როლი რეგიონში, გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა - აღნიშნულ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის" ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე.


პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები, მიმდინარეობს პოლიციის დეპოლიტიზაცია, პროკურატურა ახორციელებს გამოძიებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოქმედებს დამნაშავეთა წინააღმდეგ მიუხედავად მათი სოციალური სტატუსის ან პოლიტიკური შეხედულებისა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე და შეხვედრის მონაწილეებს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში  ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმის მთავარი თემები იყო: საქართველოს მიმზიდველი, სტაბილური ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები. ფორუმის მონაწილე 130-მდე ქართული და გერმანული ბიზნესორგანიზაციის წარმომადგენლებს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს, როგორც რეგიონის წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის, პოტენციალი გააცნო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

"საქართველოს ევროპული გზა" - ამ თემაზე წაიკითხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო ლექცია ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბერლინის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებს, ექსპერტებს და სტუდენტებს საქართველოს ისტორიული არჩევანისკენ - ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო და შეეცადა აეხსნა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები და რატომ მიიჩნევს საქართველო თავს წმინდა ევროპულ ქვეყანად. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი წარმოადგენს არა მხოლოდ არსებულ პრიორიტეტს, არამედ ის არის თაობათა არჩევანი, რომელიც იზიარებს საქართველოს იდენტურობის ერთიან აღქმას. მისივე განმარტებით, საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის გეგმა სრულად არის ორიენტირებული დემოკრატიულ ფასეულობებზე.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე, მოწვეულ სტუმრებს შორის იყო გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის განცხადებით, გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესს და თანამშრომლობას მთელი გულით უჭერს მხარს. ვალტერ შტაინმაიერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა დავალება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

"მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში. მე მესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა სურთ, მას შემდეგ რაც ის სავალდებულო ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი საქართველოდან ელოდა, საქართველომ შეასრულა. მე მტკიცედ მჯერა და ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ ამ საკითხების გადაწყვეტა შეგვიძლია და ჩვენი ორივე ქვეყნის ხალხისთვის სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ მანამდე ვფიქრობ, რომ საჭიროა ჩვენი სიმტკიცე, გულმოდგინე შრომა და ერთად დადგომა. ამის გამოხატულებაა ბოლო 2-3 კვირის ჩვენი ინტენსიური დიალოგი, რაც თავის მხრივ ჩვენი ახლო, კონსტრუქციული ურთიერთობების გაგრძელებაა და მიზნად ისახავს არსებული საკითხების გადაჭრის გზების პოვნას. გერმანიისა და საქართველოს ერთად დგომის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ დღეს ერთად ვზეიმობთ საქართველოს ნაციონალურ დღესასწაულს," - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

შტაინმაიერის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25-ე წლისთავზე, ევროპასთან დაახლოების კუთხით, საქართველომ შეძლო და განახორციელა ძალიან ამბიციური რეფორმები.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

​პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

 

ფოტოალბომი