საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-20

საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს; სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრისას გააკეთა.

პირისპირ შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა.

საუბრისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა, მრავალი წელია, ერთიანი ძალისხმევით ავითარებენ თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით.
მხარეებმა „ევრაზიის გვირაბის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება. პრემიერ-მინისტრების შეფასებით, აზიისა და ევროპის კონტინენტების დამაკავშირებელი გვირაბი ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს ქმნის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივის განხორციელებაში.

ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსაც დაეთმო.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური