საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის ახალი პროგრამა და დაგეგმილი რეფორმების პრიორიტეტები გააცნო. მან „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ამომრჩეველთა მიერ გამოცხადებული მაღალი ნდობის გამართლება უსურვა და აღნიშნა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას წინ აქვს ბევრი სამუშაო ამბიციური გეგმების განსახორციელებლად.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიპოვა პარლამენტში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ქვეყნის სამსახურისთვის უნდა გამოიყენოს. სიტყვით გამოსვლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა. "გაცილებით მეტი ყურადღებაა საჭირო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა ეს დაუსრულებელი სერია ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობის საბოლოოდ დასრულდეს. მზად ვართ, მეტი ძალისხმევა გავწიოთ ამ მიმართულებით," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე და კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე, რომლებიც მისი თქმით, შეცვლის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს, განათლების სისტემას, მოახდენს მმართველობის რეფორმას და უზრუნველყოფს ქვეყნის სივრცით მოწყობას. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებით მოსახლეობა მიიღებს თანამედროვე, განვითარებული და საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანას, შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი ადამიანური რესურსით, უსაფრთხო და სტაბილური ბიზნესგარემოთი და ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობით. "განათლება ცხადდება ჩვენი მთავრობის ნომერ პირველ პრიორიტეტად და ეს პრიორიტეტი ასახვას ჰპოვებს, როგორც მთავრობის ქმედებებში, ასევე, რა თქმა უნდა, ბიუჯეტირებისას.

განათლების რეფორმა შეეხება მის ყველა მიმართულებას, ყველა ქვემიმართულებას და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უმაღლეს განათლებაზე და პროფესიული განათლების განვითარებაზე გერმანული დუალური სწავლების მოდელით. ეს ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორთან ერთად, თანადაფინანსების მოდელებით იქნება შეთავაზებული ის პროფესიები და იმ უნარების განვითარება, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი განათლების სისტემა, რომელიც ცოდვა გამხელილი სჯობს, დღეს ემსახურება პირდაპირ უმუშევრობის წახალისებას, უნდა გარდაიქმნას იმგვარად, რომ სახელმწიფო ძვირადღირებული რესურსი დაიხარჯოს იმ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური მეცნიერების და საბუნებისმეტყველო დარგების სწავლება აუცილებლად შენარჩუნდება პრიორიტეტებში," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ბიზნესთან თანამშრომლობის კუთხით გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები - ევრობანკის ინიციატივით, შექმნილია ბიზნესის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავრობის მეთაური, სადაც რეგულარულად განიხილება ეკონომიკური ცვლილებები. "საბჭოს მუშაობაში ჩართულია მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ადგილობრივი წამყვანი ბიზნესასოციაციები, საერთაშორისო სავაჭრო პალატა.

ეს ხელს შეუწყობს, რათა ბიზნესგარემო გახდეს კიდევ უფრო პროგნოზირებადი და ბიზნესთან დიალოგის შედეგად მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები,"-განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა ქვეყნის სივრცითი მოწყობა. მისი განმარტებით, მთავრობის მიზანია ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ჰქონდეთ ყველა ის სერვისი, რასაც სახელმწიფო ქალაქებში სთავაზობს მოქალაქეებს. "ავტობანების დასრულება, ტურისტული მიმართულებებით თანამედროვე გზების მშენებლობა, ინტერნეტიზაცია, ელექტროფიკაცია ირიგაცია... ეს არის ჩვენი ქვეყნის თვისობრივი და ხარისხობრივი გარდაქმნის პროექტი ძალიან მოკლე პერიოდში, რომელის შედეგადაც ველოდებით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი 4%-იან ზრდაზე დავგეგმეთ, ეს არის კონსერვატიული დაგეგმვა. ვნახოთ გარემო პირობები რამდენად შექმნის ნიადაგს, რომ უფრო მაღალი ზრდა იყოს მიღწეული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, მოვიზიდოთ დამატებითი საინვესტიციო რესურსი, რაც ამ წლების განმავლობაში, მინიმუმ სამნახევარი მილიარდი ლარი იქნება, რომელიც თავისთავად ასევე გამოყენებულ იქნება საინვესტიციო ეფექტის შესაქმნელად," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის მიმართულებით და ხელს შეუწყობს ყველა იმ ინსტიტუტის გაძლიერებას, რომელზეც დგას დემოკრატიული სახელმწიფო. მისივე განცხადებით, ძლიერი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი და მთავრობის მოქმედებები მიმართული იქნება სასამართლო სისტემის ნდობის ამაღლებისკენ. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ევროიტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე. მისი ინფორმაციით, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება ასოცირების საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც მომავალი სამოქმედო გეგმები იქნება განხილული. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარ თემად უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცება დაასახელა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური