საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც სავალუტო ფონდის მონაცემებსა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხებოდა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა შესაბამისობაშია რეგიონში არსებულ სიტუაციასთან.

„ის ზრდა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არის შესაბამისი რეგიონში არსებული სიტუაციისა. სავალუტო ფონდი თავის დაგეგმარებაში არის გაცილებით კონსერვატიული. ჩვენ ბიუჯეტს ვგეგმავთ 4%-იან ზრდაზე დაყრდნობით, მაგრამ სავარაუდოდ გვექნება უფრო მაღალი ზრდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებს, ჩვენ პროგრამაში არ გვიწერია, რომ საგარეო ვალს არ გავზრდით, არამედ გვიწერია, რომ სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, იქნება ჯანსაღი იმისათვის, რომ არ გაუარესდეს საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის," - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განმარტება გააკეთა ხელისუფლების საპრივატიზაციო გეგმებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მთავრობამ უარი თქვა სახელმწიფო ქონების იაფად გაყიდვაზე, რადგან რეგიონში საინვესტიციო სურათი არასახარბიელოა.

„რაც შეეხება შარშანდელ გეგმას, ჩვენ გავაკეთეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი იყო ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, რათა შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა, რომელიც არ შედგება მხოლოდ და მხოლოდ სავალუტო კურსის სტაბილურობისგან და ფისკალური სტაბილურობა მთლიანობაში ქვეყანაში შენარჩუნდა. რაც შეეხება გეგმებს, უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ გადავყარეთ ქონება იმაზე იაფად, ვიდრე ჩვენ შეიძლება ეს ქონება გავყიდოთ დღეს, ხვალ, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში სურათი არ იყო მთლად სახარბიელო", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმაშია ასახული, არის სრულიად რეალისტური.
„ინფრასტრუქტურულ პროექტებში არარეალისტური არაფერი არ არის და ამ პერიოდში ჩვენ მოგვიწევს, უფრო მეტი თანხის დახარჯვა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და უფრო ნაკლების დახარჯვა ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით. მოგვიწევს გარკვეული ოპტიმიზაციაც. ეს არის ის რეალობა, რომელზეც ჩვენ პასუხს ვაგებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური