საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-25

მთავრობის ოთხპუნქტიანი განვითარების ეკონომიკური გეგმა, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გადასადგმელი ნაბიჯები, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების გეგმები იყო მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტის წევრად არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მათი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის მშენებლობაში. პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ასევე იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული და კონკრეტული საკითხების უკეთ გადაწყვეტისაკენ მიმართული.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას, რომლებიც, ქვეყნის განვითარების მიმართულებით ძირეული გარდატეხის მომტანი იქნება.
მისი თქმით, განათლება ხელისუფლების ნომერ პირველ პრიორიტეტად ცხადდება, როგორც პრიორიტეტულობის, ისე რესურსის ხარჯვის კუთხით. დაგეგმილია, როგორც საშუალო განათლების, ისე უმაღლესი განათლების რეფორმა, ასევე, პროფესიული განათლების პრესტიჟის აწევა და ამ მიმართულებით იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რათა პროფესიული განათლების მიღების შემდგომ, უმაღლესი განათლების მიღებაც იყოს შესაძლებელი. უმაღლეს განათლებაში მეტი ყურადღება დაეთმობა ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს.

„ეს არ ეხება ფუნდამენტურ მეცნიერებებს, რომლის გამოსახვა რაოდენობრივი მოთხოვნების მაჩვენებლებში რთულია. ეს ეხება ეკონომიკას, სადაც მკაფიოდ გამოხატულია მოთხოვნები. დღევანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს და სისტემა მუშაობს უმუშევარი ადამიანების წარმოებაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელზე დაფუძნებით, პროფესიულ განათლებაში გამოყენებული იქნება გერმანული, დუალური მოდელი და გერმანიის გამოცდილება, რათა სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად გაინაწილოს ადამიანების უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული ხარჯები.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით განვახორციელეთ საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც მიმართულია კომპანიებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებისკენ. მისივე განმარტებით, რეგიონში არსებული არასახარბიელო ვითარებიდან გამომდინარე, ინვესტიციების წახალისებისა და შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზების მიზნით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, რეინვესტირებული მოგება არ დაიბეგრება.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე ისაუბრა დამწყები ბიზნესის წახალისების მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ პირველად შეიქმნა „სტარტაპის დაფინანსების ფონდი", რომელიც ცნობილი უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, აფინანსებს ინოვაციებზე და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ახალ ბიზნესებს. მისი შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის მიზანია ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების წახალისება, რათა ახალგაზრდებმა დაიწყონ ბიზნესი და თვითონ შექმნან სამუშაო ადგილები.

ეკონომიკური რეფორმების ბლოკი ასევე მოიცავს საპენსიო რეფორმას, რომელიც დაეფუძნება სავალდებულო შენატანებს და მას კაპიტალის ბაზრის რეფორმა მოჰყვება, რათა ის სწორი მიმართულებით განვითარდეს. ასევე, მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით.
რეფორმების მესამე ბლოკი მოიცავს მმართველობის სისტემის რეფორმას, რომელიც სერვისზე ორიენტირებული მმართველობასა და ჩართულობას - ინკლუზიურ მმართველობას გულისხმობს.
ხორციელდება ბიზნესსახლის პროექტი, რომელიც იურიდიულ პირებს ყველა სახელმწიფო სერვისის ერთი ფანჯრის პრინციპით მიღების შესაძლებლობას მისცემს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იქნება იუსტიციის სახლის პროექტის პრაქტიკულად მეორე ფაზა, რომელიც დღეს 400-ზე მეტ სერვისს სთავაზობს ფიზიკურ პირებს. მისივე თქმით, ბიზნესსახლი ქონების მართვის, ენერგეტიკის, საპარტნიორო ფონდის, ბუნებრივი რესურსების მართვის და სხვა არაერთ სერვისს გააერთიანებს, რაც ხარისხობრივად გააუმჯობესებს სახელმწიფოსგან კერძო სექტორისთვის შესათავაზებელ სერვისებს.
ინკლუზიური მმართველობა კი გულისხმობს სპეციალური ფორმატების შექმნას, რათა სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იყოს ჩართულობა. ამ მიმართულებით, მაგალითად პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ინვესტორთა საბჭო დაასახელა.
რეფორმების მეოთხე მიმართულება სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული განვითარებაა, რაც როგორც ძირითადი არტერიების, ისე - ტურისტული მიმართულებების განვითარებას გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განვითარება მოხდება არა სტიქიურად, არამედ გენერალური გეგმის შესაბამისად. მისივე თქმით, ეს არის ის მდგრადი განვითარების მოდელი, რაც ქვეყანას სჭირდება. რეფორმების ამ მიმართულებაში იგულისხმება ქვეყნის სატრანზიტო ავტობანების დასრულება ოთხი წლის განმავლობაში, რათა ქვეყანამ სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზება შეძლოს.
„ეს გულისხმობს ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დასრულებას, რკინიგზის მოდერნიზებას და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებას, რომელიც, სავარაუდოდ, 2017 წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ისაუბრა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. მისი თქმით, უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირის სტანდარტებისადმი თანმიმდევრული სწრაფვა, ხოლო ნატოში სრული ინტეგრაცია არის შეუქცევადი მიზანი, რომელსაც სახელმწიფოს გააჩნია. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელის ბოლომდე გამოყენებაც იგეგმება.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება ვიზალიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან.
„სამწუხაროდ, ეს საკითხი გაიწელა იმ ბიუროკრატიული პროცედურების გამო, რომელსაც ადგილი აქვს ევროკავშირის ინსტიტუციებს შორის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, საქართველო მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველო განაგრძობს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მეზობელ სახელმწიფოებთან - აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, ხოლო პრაგმატულ პოლიტიკას - რუსეთთან.
„რუსეთთან განვაგრძობთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ვახორციელებთ დღემდე, რომელიც მიმართულია ესკალაციის შემცირებისკენ, თუმცა ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით რამენაირი კომპრომისის ხარჯზე. ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ოკუპაციის პრობლემებთან მიმართებაში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, იმისთვის, რომ ეს საკითხი აქტუალური იყოს. გავაძლიერებთ მუშაობას არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ა.შ. რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, ვიწვევთ სამუშაო ფორმატში ნებისმიერ თქვენგანს, რათა განვიხილოთ ისინი. ეს ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ შერიგების პროცესი და ვფიქრობთ, ამ პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ასევე დაიწყება სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ფაზა, რაც, ამ მიმართულებით, ვითარებას კიდევ უფრო პოზიტივისკენ შეცვლის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური