საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი - ყველა სიტყვა ჩემს დღევანდელ გამოსვლაში, პირველ რიგში ეხებოდა აფხაზეთს და სამაჩაბლოს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-25

მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ყველა სიტყვა, რომელიც დღევანდელი გამოსვლისას ვთქვი, პირველ რიგში ეხებოდა აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს - სამაჩაბლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან" შეხვედრისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სრულად აქვს გათავისებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას და მინისტრთა კაბინეტს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრების განხორციელების კუთხით ეკისრება.

„ჩვენ დღეს გაგვაჩნია ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ - ეს არის ეკონომიკური განვითარების ბერკეტი. ჩვენი ქვეყანა უნდა ვაქციოთ მიმზიდველ ქვეყანად და უნდა ვეცადოთ, დავათბოთ ურთიერთობა. ამას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილება, თუ უფრო მეტი დაახლოება ადამიანებს შორის, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ერთადერთი, რასაც ვერ გავაკეთებთ, ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხით. დანარჩენი, ყველაფერზე მზად ვართ და ჩვენ გვაქვს არაერთი საინტერესო წინადადება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და მზადყოფნა გამოთქვა, დეპუტატებთან, სხვა ფორმატში განიხილოს ის დეტალები, რომლებზეც სამთავრობო გუნდი ბევრს მუშაობს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მმართველ გუნდს აქვს არაერთი ძალიან საინტერესო ინიციატივა იმისთვის, რომ აღადგინოს ნდობა აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანებისკენ და არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებისკენ.
„ეს არის მთავარი ამოცანა. მთელი ჩვენი გეგმა ამისკენ არის მიმართული, ყველა წინადადებაში იგულისხმება აფხაზეთი და სამაჩაბლო და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთი დგამს ამ ტერიტორიებთან მიმართებაში. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის ბოლო პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი დიპლომატიური ნაბიჯებისა და ეკონომიკური განვითარების გეგმისა, სხვა შეიარაღება არ გაგვაჩნია და არც უნდა ვიხმაროთ მომავალში არასოდეს. არასოდეს უნდა გავივლოთ გულში, რომ სამხედრო ფორმებს მივმართოთ. ჩვენ, მაქსიმალურად მშვიდობიანი გზით, ნდობის აღდგენის მიმართულებით, უნდა განვახორციელოთ უფრო თამამი ინიციატივები. არ ვაპირებ იმ რუტინის გაგრძელებას, რომელშიც ჩვენ აქამდე ვიმყოფებოდით. ეს არის ჩემი დღევანდელი გზავნილი, რომელსაც ძალიან მკაფიოდ ვამბობ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური