საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ინვესტორის დღე ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-22

ჩვენ მიზნად ვისახავთ საქართველოში უფრო მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და ამავდროულად, ვცდილობთ, ვიყოთ გაცილებით უფრო მოქნილები, ვიდრე ტიპიური ევროპული ქვეყანაა ლიბერალური ვაჭრობისა და რეგულაციების სიმძიმის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ბიზნესის განვითარება ხელისუფლების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, რადგან საქართველოს აქვს ბიზნესშესაძლებლობების სრულად რეალიზების ყველა რესურსი. "როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული ხელშეკრულების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოს აძლევს უდიდეს შესაძლებლობას, თავისი პროდუქტი და მომსახურება ევროპულ ბაზრებზე გაიტანოს. სულ ახლახან ჩვენ ეს შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ-ქვეყნებთანაც დავდეთ. კიდევ 4 სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამ საშუალება მოგვცა, წვდომა გვქონოდა დამატებით 14 მილიონ მომხმარებელზე.

საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ასევე დაასრულა ჩინეთთან, შეთანხმებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველოს არის ყველაზე ღია, ლიბერალური და თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა რეგიონში და აქვს სტრატეგიულად მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობა. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის მონაცემების დაასახელა, რომლის მიხედვით, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა და გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა.

"ყოველწლიურად, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს უფრო და უფრო უკეთეს შეფასებებს აძლევენ. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმატორი ქვეყანაა, რომლის ბიზნესგარემო, სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა, ძალადობასთან ბრძოლა, სტაბილურობა და რეგულაციების ხარისხი მდგრად აღმასვლას განიცდის. ფრეიზერის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს ყველაზე ეკონომიკურად თავისუფალ ხუთ ქვეყანას შორისაა. ეს მართლაც ღირსშესანიშნავია," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ღონისძიების მონაწილეებს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო. ინვესტორის დღე, რომელიც საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს ორგანიზებით გაიმართა, საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას ისახავს მიზნად.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური