საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა გელა დუმბაძის საქმიანობა შეაფასა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-17

მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობას გადაუხადა და დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებაზე ისაუბრა.
„გელა დუმბაძემ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა მინისტრობის პერიოდში. მათ შორის იყო ჩვენი თანამოქალაქეების უფასოდ გადმოსვენება სამშობლოში და სამშობლოს მიწას მიბარება, რაც დიდი შვება იყო ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში, იუსტიციის მინისტრთან ერთად. ეს იყო მართლაც ისტორიული მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც საქართველოს გადმოეცა ლევილის მამული. ასევე აღსანიშნავია ათობით შეხვედრა საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყანაში. მე თვითონ მქონია ეს ბედნიერება, რომ ემოცია გაგვეცვალა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც იმყოფებიან საქართველოსგან ძალიან მოშორებით. მინდა ვთქვა, რომ გელას როლი ამ მიმართულებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდება სტრუქტურული ცვლილება და დიასპორის მიმართულება იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხოლო გელა დუმბაძე საქმიანობას დიპლომატიურ სფეროში გააგრძელებს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დიასპორების რეალურ საჭიროებათა მთავარი ადრესატი საგარეო საქმეთა სამინისტროა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მიდგომა დიასპორის საკითხებისადმი კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს, რა მიზანსაც ემსახურება დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილება.
„ საგარეო საქმეთა სამინსიტროს აქვს ბუნებრივად ის რესურსი, რომელიც დიასპორის მიმართულებით უნდა დაიხარჯოს და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაფართოვებთ ამ მიმართულებით საქმიანობას, რათა თითოეული ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. მინდა, გელა დუმბაძეს წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური