საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილსა და ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-05

4 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებული, დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრსა და მის პოლიტიკურ გუნდს გამარჯვება მიულოცა. ლიდერების შეფასებით, „ქართული ოცნების" უმრავლესობით გამარჯვება, მთავრობისთვის, რეფორმების გაგრძელების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ჯოზეფ ბაიდენს მადლობა გადაუხადა.

ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიკაცია დაგმო და გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური