საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა სენტ კიტსის და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს, ტიმოთი სილვესტერ ჰარრისს შეხვდა. საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გაეროს ფარგლებში. შეხვედრისას აღინიშნა, რომ სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. საქართველოს მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციას გაუზიაროს წარმატებული რეფორმების გამოცდილება, მათ შორის - ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისების, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას რეგიონულ ორგანიზაციებში; განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ასევე - ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი თბილისში „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის, მე-9 პლენარული სესიის ფარგლებში იმყოფება. გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური