საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

რუსთავში 112-ის ალტერნატიული ცენტრი გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-25

მორიგი მაღალტექნოლოგიური პროექტი საქართველოში - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში დღეს 112-ის კიდევ ერთი, ალტერნატიული ცენტრი გახსნეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეების ოპერატიულ მომსახურებას, უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, 112 სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ორივე ცენტრის პარალელური გამართული მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება და უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი არის ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი სამსახური, რომელიც გადაუდებელი შემთხვევების შესახებ პირველი იღებს ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეებისგან. ჩვენ ვიცით, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ყველა წამი გადამწყვეტია და ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად კვალიფიციური დახმარებისათვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და მუდმივად ვითვალისწინებთ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური მიესალმება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის დაკავშირების სპეციალური ფორმატების არსებობას და მიიჩნევს, რომ რუსთავის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი კიდევ ერთი დამატებითი ობიექტი იქნება, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ასევე ფუნქციონირებას იწყებს სასწავლო ცენტრი, რომელიც 112-ის თანამშრომლების გადამზადებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება, გახდეს 112-ის გუნდის წევრი, ამ სპეციფიკური განათლების რუსთავის ცენტრში მიღებას შეძლებს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ასეთი პროექტებით არის შესაძლებელი ქვეყნის სწრაფი და სტაბილური განვითარება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში, უმოკლეს დროში განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტი. ყველა მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის ახორციელებს, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. ეს პროექტები მსოფლიოში საუკეთესო სერვისებს შორისაა და ჩვენ შეგვიძლია ამით აბსოლუტურად დამსახურებულად ვიამაყოთ. რუსთავის 112-ის ცენტრის პროექტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი განხორციელდა რეგიონში, ქვემო ქართლში. აქ 175 ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ცენტრის თანამშრომლებს ახალ, უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მოქალაქეების მშვიდი ძილი, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ახლად გახსნილი ცენტრი დაათვალიერეს. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური