საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა გერმანიის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველო-გერმანიის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.

ჰაიკე ფაიჩმა დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროინტეგრაციის პროცესების მიმართ.

გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებები უსურვა გერმანიის ახალ ელჩს და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ჰაიკე ფაიჩმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის პოსტი 2016 წლის 12 სექტემბერს დაიკავა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური