საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-19

8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი, გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები და ყველას ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გიორგი კვირიკაშვილმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის და მმართველი პოლიტიკური ძალისადმი გამოხატული ნდობისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნებმა სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დამკვირვებლებმა აღნიშნეს ეს ფაქტი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას ასეთი შეფასებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს და ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში მიმდინარე შეუქცევადი, დემოკრატიული განვითარების პროცესისა," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობას წინ აქვს მაჟორიტარულ ოლქებში ჩასატარებელი მეორე ტური. მან იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველის აქტივობა იქნება მაღალი და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შეძლებს საქართველოს მოქალაქეების წინაშე აღებული ყველა ვალდებულების სრულად შესრულებას.

„არჩევნები არ დასრულებულა, წინ არის მეორე ტური და აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უპირველეს ყოვლისა ნაჩვენები იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტი, როგორიც იყო 8 ოქტომბერს. ასევე დარწმუნებული ვარ, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, იქნება უკლებლივ რეალიზებული და განხორციელებული," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური