საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-05

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში, წარმატებით დასრულდა, - შესაბამისი მემორანდუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა.

დოკუმენტს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენიმ მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მემორანდუმის ხელმოწერამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის, გაო ხუჩენის შეხვედრა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარება იყო.

ძალიან დიდი, ისტორიული ნაბიჯი, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლის კუთხით, რომელიც, ორივე ქვეყანაში, ბიზნესსა და ვაჭრობის მოცულობას წაახალისებს, - ასე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება. მთავრობის მეთაურმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის განცხადებით, ჩინეთი უკვე არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველო ამაყობს, რომ პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, მოლაპარაკებები წამოიწყო და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაასრულა.
მხარეების შეფასებით, საქართველო-ჩინეთს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები ძალიან აქტიურად ვითარდება. საუბარი შეეხო ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკას და აღინიშნა, რომ, 2016 წლის 8 თვის მონაცემებით, ჩინეთში უკვე ექსპორტირებულია 3,5 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 158%-იანი ზრდაა.

შეხვედრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, ახალი აბრეშუმის გზის პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის" მიმართულებით პარტნიორობის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტრანზიტი და ლოგისტიკური მიმართულება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური