საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა ჩინეთის სოციალური უსაფრთხოების მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრს, იან ვეიმინს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითად საკითხებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დინამიკას და ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორია. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და ქართული ღვინის ექსპორტი ჩინურ ბაზარზე.

მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე, რაც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სფეროში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. გამოითქვა იმედი, რომ დოკუმენტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება სოციალურ პოლიტიკაში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და გახდება "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური