საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-05

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა. საუბრის დასაწყისში სომხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა საქართველო-სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზეც ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურთიერთანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომუნიკაციები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეკონომიკური პროექტების სწრაფად და შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის რეგიონალურ უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური