საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა „დებედა ჰესი“ დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-20

4 მლნ 200 ათას დოლარამდე ინვესტიცია ქვემო ქართლში - მარნეულის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული "დებედა ჰესი" დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დაათვალიერეს. ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია პრემიერს ინვესტორი კომპანია „ჰიდროლეას" მმართველმა პარტნიორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ მიაწოდა „დებედა ჰესის" დადგმული სიმძლავრე 3,1 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება - 14 მლნ კილოვატ/საათი.

"ეს არის ბულგარელი ინვესტორის 4,2 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს მცირე ჰესია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ჰესების განვითარება, იმიტომ რომ ისინი ძალიან მინიმალურ ზიანს აყენებენ გარემოს და ამ დროს იძლევიან დიდ შენატანს საქართველოს ენერგოსისტემასა და ენერგეტიკულ ბალანსში. ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ინვესტორები, როგორიც ჰყავს ჰიდროელექტროსადგურ დებედას, კიდევ უფრო მეტი იყოს. ამ ინვესტორს აქვს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტი, რომელშიც ჩვენ მხარს დავუჭერთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური