საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული უნდა იყოს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-16

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება, - C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს.

ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს.

მთავრობის მეთაურმა სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, მათ შორის - კომპანია „გილიარდს" და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, სამთავრობო გუნდს, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური