საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-14

11:06:03

 

1992 წლის 14 აგვისტო ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 24 წელი გავიდა აფხაზეთში ომის დაწყებიდან.

ეს თარიღი ყოველთვის შეგვახსენებს, რომ აღარასოდეს უნდა დავუშვათ წარსულის უმძიმესი შეცდომების გამეორება. ამ ომის მსხვერპლთა სიცოცხლეს ვერაფერი დააბრუნებს. ქედს ვიხრი საქართველოსთვის თავდადებული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.

საკუთარი სახლ-კარიდან აყრილ ჩვენს დევნილებს ვერაფერი გაუნელებს მშობლიური კერის მონატრებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყოველმხრივ შევუმსუბუქოთ ცხოვრება, ვიდრე ისინი საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდებიან.

მჯერა, რომ ამ ომით შებღალული ძმობა აუცილებლად აღდგება. ქართველებსა და აფხაზებს გვჭირდება ერთმანეთი. ქართველებს გვინდა მშვიდობა და ამაში სულ უფრო დავარწმუნებთ ჩვენს აფხაზ ძმებს. ჩვენ დავიბრუნებთ ნდობას და კვლავ ერთად გავაგრძელებთ ისტორიას, რომელსაც სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები.


გიორგი კვირიკაშვილი