საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წელი გავიდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-07

ქართული ხუროთმოძღვრების შედევრის ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

პატრიარქმა ქართველ ერს წმინდა ტაძრის 1000 წლისთავი მიულოცა.
"მოხარული ვართ, რომ ამ ისტორიულ დღეს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მივესალმები მას. გისურვებთ ის გეგმები, კეთილი ზრახვები, რაც დასახული გაქვთ, წმინდა ნიკოლოზის ლოცვით შესრულდეს. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!" - განაცხადა ილია მეორემ.
ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავი მიულოცა სრულიად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
"მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ამ უდიდესი ტაძრის, მართლაც ყველა ჩვენგანის სიამაყის, ნიკორწმინდის 1000 წლისთავი. ეს საქართველოში მართლაც ძლიერების სიმბოლოა, გამორჩეული არქიტექტურით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. მინდა, რაჭას და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული და ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და უკეთესი ხვალინდელი დღე!"- აღნიშნა პრემიერმა.

მანვე ბოდიში მოუხადა მოსახლეობას საგზაო შეფერხებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო. ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ნიკორწმინდასთან მისასვლელი გზის გადაკეტვა მის სტუმრობას არ უკავშირდება და მას მსგავსი ბრძანება არ გაუცია.
"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას იმიტომ, რომ გზა იყო გადაკეტილი, ჩემი მიზეზის გამო აბსოლუტურად არა, მაგრამ რატომღაც ვიღაცებს უთხრეს, რომ პრემიერის გამოა გადაკეტილიო. ვისაც შეექმნა უხერხულობა, ყველას ბოდიშს ვუხდი ამის გამო. არასდროს მე ასეთი ბრძანება არ გამიცია.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, სოფელ ნიკორწმინდაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის-ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და გზის რეაბილიტაციას. ასევე გათვალისწინებულია: ცენტრალური მოედნისა და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობის რეაბილიტაცია და ჭიშკრების მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა, სუვენირების მაღაზიის მშენებლობა, მაღაზიების ფასადების რეკონსტრუქცია და პარკინგის მშენებლობა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური