საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-25

სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა 2016" დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ცხენოსნობის აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გამოთქვა იმედი, რომ სენაკი გახდება ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში.

საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ასევე წარმოდგენილი იყო რეწვის ნიმუშებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენა. პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილი კუთხეები დაათვალიერა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური