საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-23

რაოდენ გამომწვევიც უნდა იყოს ჩვენი ოპონენტების ქმედება, ჩვენ, სახელმწიფოს გვაკისრია ძალადობის გარეშე არჩევნების ჩატარების პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას დასაგმობი ფაქტი უწოდა. მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„ის, რაც მოხდა სამეგრელოში არჩევნებზე არის მიუღებელი და ასეთი პრეცედენტები აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როცა არჩევნები ტარდებოდა ძალადობით. მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს ვინ უნდა აირჩიოს მოსახლეობამ ქვეყნის სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი, ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება საჭირო სამართალდამცავების მხრიდან, რათა ასეთი შემთხვევა არ გამეორდეს. რა თქმა უნდა ეს ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველანაირი ძალადობის გარეშე, მშვიდობიან გარემოში მისცენ ხმა მათ რჩეულს," - აღნიშნა პრემიერმა.

მანვე აბსურდული უწოდა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მხრიდან სპორტსმენების დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და თანაგუნდელებს მოუწოდა, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას და არ დაუშვან დაპირისპირების საფრთხე.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გამო და მომხდარს შეიარაღებული პირების მხრიდან უდანაშაულო ადამიანის ცივსისხლიანი მკვლელობა უწოდა.

„ვაპირებ, რომ ჩავიდე და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს არის ამაზრზენი შემთხვევა, ცივსისხლიანი მკვლელობა უდანაშაულო ადამიანის შეიარაღებული პირების მხრიდან. სახელმწიფოს ამ ინციდენტზე ექნება პასუხი. ჩვენ ველოდებით ჯერჯერობით თუ რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. ვნახოთ, დაველოდებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არავის არ უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ეს და ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური