საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა და მას ტრაგედია უწოდა.

გიორგი კვირიკაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევას აფხაზები ნდობის აღდგენის პროცესის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასებენ.

"ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. უდიდესი ტრაგედიაა, რომ ადამიანი, მით უმეტეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლეს უმოწყალოდ. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირველეს ყოვლისა, დამნაშავე დაისჯება ძალიან მკაცრად, ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ამ პროცესში და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. გამოვთქვამ იმედს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია იმ პროცესის საწინააღმდეგოდ, რომელიც დღეს მიმდინარეობს. შეიძლება, პოლიტიკურად ჩვენ დიდი შედეგი არა გვაქვს, მაგრამ ხალხთა შორის ურთიერთობაში გვაქვს გარკვეული პროგრესი. მინდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მიერ, ნაციონალური მოძრაობის წევრების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. გიორგი კვირიკაშვილი თანაპარტიელებს ურჩევს, გაუფრთხილდნენ კოალიციის თითოეულ წევრს, ვისთან ერთადაც „ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება მოიპოვა.

"დავით კოღუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ ის რაიმე დადებით სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა სამწუხაროა, რომ მან ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრი, ყველა ადამიანი, ვისთან ერთადაც გამარჯვება მოვიპოვეთ, ძალიან გასაფრთხილებელია. მე პირადად ძალიან ვუფრთხილდები, ვცდილობ, არ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ პიროვნულად შეურაცხყოფა მივაყენო ან გული ვატკინო ყოფილ თუ დღევანდელ თანაგუნდელებს.

დღეს არის განახლების პროცესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეულ ადამიანს გავუფრთხილდეთ. ვფიქრობ, რომ დავითის ბევრი განცხადება იყო დაუფიქრებელი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ რაიმე პოზიტიურ გრძნობებს, მე მგონია, რომ ამაზე არის სრული კონსოლიდაცია, არა მარტო ჩვენს გუნდში, არამედ მთელ საზოგადოებაში და საზოგადოების შეფასება წინა ხელისუფლების მიმათ არის ერთმნიშვნელოვანი. 
დავითის ზოგიერთი განცხადება ცოტა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, თუმცა მას მეტი დაფიქრება მართებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური