საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-17

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ღონისძიებას, პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე დღეს პირველი მილსადენი ჩაიდო, რომელზეც სიმბოლურად მოაწერეს ხელი "სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP), რომლის სიგრძე დაახლოებით 800 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე, საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს.

საქართველო „სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტში სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში, საქართველოში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე დასაქმდება 2000 ადამიანი, ხოლო დასრულების შემდეგ შეიქმნება 130 სამუშაო ადგილი. პროექტის შედეგად, 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური