საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-09

დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, რათა გავაძლიეროთ საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ერთობლივი წვრთნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი ერთობლივ წვრთნებს დასავლეთთან პარტნიორობის ნათელ მაგალითად მიიჩნევს.

„ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენი პარტნიორობისა დასავლეთთან. მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდა. ჩვენ გავიარეთ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს სამხედრო რეფორმისა, როდესაც საქართველოს სამხედრო შენაერთები არიან მაქსიმალურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. ეს არის გამოხატულება საქართველოს ურყევი ნებისა და მოსახლეობის სუვერენული გადაწყვეტილებისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე. ნებისმიერი შეკითხვა ამ ვექტორის თაობაზე, ჩემი აზრით, არის არაობიექტური და უადგილო. ეს წვრთნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ აქ პროვოკაციის ნასახი არ არის. გაცილებით უფრო მეტი პროვოკაციული ელემენტია იმ ხელშეკრულებებში, რომლებიც იწერება რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად არანაირ პროვოკაციას ადგილი არ აქვს ", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამოეხმაურა პარლამენტარ თამაზ მეჭიაურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებებს. მისი თქმით, თამაზ მეჭიაურის განცხადება არის აცილებული იმ კურსს, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას."

"ნამდვილად უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ კურსს, რომელიც „ქართულ ოცნებას" და საქართველოს მთავრობას აქვთ და, რომელიც, თავის მხრივ „ქართული ოცნების" საგარეო კურსის გამომხატველია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

მანვე არაობიექტური და მიუღებელი უწოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას.
„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებს „ქართული ოცნების" დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება მრავალჯერ მოხდა სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას ,მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება, რადგან მე ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის, ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო, ამიტომ არ შემეძლო არ გამეკეთებინა ასეთი ვრცელი კომენტარი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და სერგეი ლავროვს შორის შესაძლო შეხვედრის თაობაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ შეხვედრას მომზადება სჭირდება, რადგან იგი უნდა იყოს გამიზნული კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.

"თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება, ეს უპირველეს ყოვლისა უნდა განმტკიცდეს და იყოს მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების ნორმალიზება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ვფიქრობ, ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაქვს დღეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური