საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-09

საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა და საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვედრაზე.

მხარეებმა ისაუბრეს ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2016-2019 წწ.) შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებს და ბულგარეთის, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური