საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-28


ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. „რუსთავი 2"-ის საკითხს გააჩნია ორი განზომილება: საკუთრების და სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის განზომილება. მე რა თქმა უნდა, არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი ვერანაირად სასამართლო განხილვაში, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ როგორიც არის „რუსთავი 2", მწვავე, ვფიქრობ, სიმართლისგან დაშორებული, თუნდაც არაობიექტური, თუნდაც შეიძლება ხშირად გული გვეტკინოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიუჟეტები შეიძლება შუქდებოდეს გადაცემების ბოლოში და ასე შემდეგ. არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს „რუსთავი 2"-ს გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ არ მივცეთ არანაირი საშუალება სპეკულაციისა ჩვენს ოპონენტებს. ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ, რომ შეგვიძლია, ხალხს სიმართლე გავაგებინოთ, არ გვჭირდება იმიტომაც, რომ არ მივცეთ საშუალება, ხელზე დაიხვიოს ეს საკითხი და რამენაირად გამოიყენოს პოლიტიკურად. გახსოვთ ალბათ, წინა პერიოდში, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მე განცხადებებს ვაკეთებდი, გარკვეული საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვედი. არ ვიცი, რა უნდა იყოს და როგორი მექანიზმი უნდა იყოს ,მაგრამ ვისურვებდი, კიდევ ერთხელ, რომ არავის მიეცეს საშუალება ამ საკითხით სპეკულირების და გააგრძელოს ტელეკომპანიამ სარედაქციო პოლიტიკა ისე, როგორადაც მას მიაჩნია, რომ უნდა აკეთოს," - განმარტა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური