საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა კონგრესმენებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-27

საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და კონგრესმენების - ედ როისისა და ელიოტ ენგელის შეხვედრის მთავარი თემები. შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მთავარი სტრატეგიულ პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას. გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.

მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ამერიკულმა მხარემ შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

"ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მე ვიყავი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების მხარდამჭერი. ვთვლი, შეცდომა იყო ნატოს მხრიდან, რომ მაშინ ეს ქვეყნები ალიანსმა არ მიიღო თავის რიგებში. დღესაც ვთვლი, რომ ისინი უნდა გაწევრდნენ ნატოში და გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. საბოლოოდ, საქართველო მაინც გახდება ნატოს წევრი,"- განაცხადა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური