საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მიესალმება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მიესალმება. ამ მიზანს ემსახურება პრემიერის დღევანდელი შეხვედრა „აუდიტორია 115"-ის წევრებთან და დიალოგი სტუდენტთა ჯგუფებთან, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. მთავრობა პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმა, რომელიც უფრო მაღალ ჩართულობას გულისხმობს, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
პროცესის მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობა მასში ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართვისთვის მზად არის. დიალოგისა და ჩართულობის შედეგად, მისაღები კანონმდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რასაც საჯარო განხილვები მოჰყვება. პრემიერ-მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო განხილვების პროცესში პირადად ჩაერთოს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური