საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-20

საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ბოლო პერიოდში სულ უფრო უმჯობესდება, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ევროსაბჭოს სურს მხარდაჭერა, რათა მიიღოს წვდომა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. ამ მხრივ ჩვენ გარკვეული ზომების განხორციელებას ვგეგმავთ, რაშიც საქართველოს მთავრობა გვეხმარება. ევროსაბჭომ უნდა შეძლოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად", - განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.
თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ტორბიორნ იაგლანდისა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვის ვიზიტი თბილისში, 2016 წლის მაისში, საქართველოს ახალი, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყებას ისახავს მიზნად, რაც თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმით აღვნიშნეთ იმ ამბიციური და კომპლექსური რეფორმების მნიშვნელობა, რომლებიც 2012 წლის შემდეგ განახორციელა საქართველოს მთავრობამ, როგორც ჩვენს ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ჩვენ დავაყენეთ მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების საკითხი, ასევე ცხინვალის რეგიონში შესაძლო რეფერენდუმი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, განაგრძოს რეფორმები, ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას არსებული ჩარჩოს ფარგლებში.

პრემიერი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპარლამენტის კომიტეტი დადებითად შეაფასებს.

„ჩვენ განვაგრძობთ ორმხრივ რეჟიმში თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, წევრ ქვეყნებთან, რათა მოხდეს ძალისხმევის კონსოლიდაცია სავიზო საკითხებზე მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება. ჩვენ ამ პროცესისადმი ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და განვაგრძობთ სვლას ამ მიზნისკენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოზიტიურად შეაფასა. ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ტორბიორნ იაგლანდმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია დაგეგმილი არჩევნების შესახებ. მისი თქმით, საქართველომ უკვე მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.

პრესკონფერენციაზე ასევე დაისვა კითხვა მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილმა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა.

პრემიერის თქმით, საქართველო გულწრფელად არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით და გამოთქვამს მზადყოფნას, მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საკუთარი ტერიტორია შესთავაზოს.

„მოხარული ვართ, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება დეესკალაცია და ველოდებით კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა რადიო „თავისუფლების" კითხვას, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ხვალინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით.
გიორგი კვირიკაშვილი გამოსვლაში, ქვეყანაში მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას.
„გამოქვეყნდა ახალი რეიტინგი „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე", რომლის თანახმად, საქართველომ, 2012 წლის შემდეგ, 36 საფეხურით გაიუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგი და ამ თვალსაზრისით უსწრებს არაერთ ევროპულ ქვეყანას. საქართველო, 180 ქვეყანას შორის, 64-ე ადგილზეა, მაგრამ ეს არ არის ის, რითაც უნდა ვიყოთ კმაყოფილები. ჩვენ უნდა განვაგრძოთ რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ და ვიხილავთ საქართველოს სამოქმედო გეგმას, რათა საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად, ევროპული ინსტიტუციებით, სადაც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების უმაღლესი ხარისხი. ხვალ ვისაუბრებ გატარებულ და მომავალ რეფორმებზე, რათა განვამტკიცოთ განცდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა და ჩვენთვის ამ რეფორმების გატარება უმაღლესი პრიორიტეტია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური