საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი თსუ-ის სტუდენტებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-17

სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის გულით ნაკარნახევი და ძალიან საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, მე მათ ყურადღებით მოვუსმინე. დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულ ფორმებზე, რა სახით იქნება ეს, კიდევ ერთხელ შევთანხმდებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება მათი მხრიდან სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვიმუშავებთ და მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრა, რომელზეც საუბარი დაფინანსების პრინციპებს, განათლების სისტემის კრიტერიუმებსა და უნივერსიტეტში მმართველობითი ორგანოების სტრუქტურებს შეეხება, მომავალი კვირის მეორე ნახევარში დაიგეგმა.
"ყველა ასეთ მტკივნეულ საკითხზე ჩვენ აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაც შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი,ზოგს ჩვენ მოვუსმენთ და გავიგონებთ. ეს არის სწორი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, სტუდენტური პროტესტი უცხო რამ არ არის, თუმცა, სამწუხაროა, რომ რამდენიმე კორპუსში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
„მე მათ ვთხოვე, შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან იმაზე, რაც უკვე მოგახსენეთ. ვნახოთ, თუ ისინი გაიზიარებენ ჩემს თხოვნას, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი არსებულ პრობლემებზე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც ესაუბრა.