საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

2016 წლის 14 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა. დაემატა 8 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი ,,შპს „გაზპრომ ექსპორტსა" და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" შორის დასადები ხელშეკრულების თაობაზე". დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს მიიღებს. აღნიშნული პირობებით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 31დეკემბრისჩათვლით.

მთავრობამ ასევე მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია შპს „ჯეო ფაუერს" შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ძეგვში, მდინარე მტკვარზე „ძეგვიჰესის" მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას, მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას ითვალისწინებს. „ძეგვი ჰესის" სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 15,7 მგვტ, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარია.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ"  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში", რომლის თანახმად, 2016 წლის აპრილიდან, მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 700 ლარამდე გაიზრდება. უკვე განხორციელდა საბაზო ხელფასის 3-ეტაპიანი ზრდა, რის შედეგადაც მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 67%-ით გაიზარდა. სახელმწიფომ შეიმუშავა ახალი სისტემა, რომელიც მასწავლებლის კვალიფიკაციის ზრდას, კარიერულ განვითარებას და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე „თხილის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი" დაამტკიცა, რომელიც თხილის ექსპორტ-იმპორტის საკითხებს, ეტიკეტირებისა და ხარისხის თემას დაარეგულირებს. რეგლამენტი ევროკავშირის ბაზარზე ქართული თხილის რეპუტაციას დაიცავს  და ხელს შეუწყობს ექსპორტირებულ და იმპორტირებული თხილის კონკურენტუნარიანობას და მაღალ სტანდარტს.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა ცვლილებები „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკურ რეგლამენტში", რომლის თანახმად, ოფთალმოლოგიური სერვისის ფარგლებში, რქოვანას გადანერგვის სერვისის ხარისხი და უსაფრთხოება გაუმჯობესდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური