საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-31

სასამართლო რეფორმის დღის წესრიგი და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პაველ სვობოდას შეხვედრის მთავარი თემები.

საუბარი შეეხო საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დახმარება და მხარდაჭერა იმ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის ნაწილია," - აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საარჩევნო სისტემის რეფორმასა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური