საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-30

ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება არის ჩვენი ურთიერთობის შემდგომი ნაბიჯი, საინვესტიციო მიმართულებით დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის საინტერესო განვითარება გველის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული  სამეფოს საგარეო საქმეთა და  თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, შეხვედრის მთავარი თემები იყო: საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობა,  ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის სამზადისი და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის განხილვას დაეთმო.

"ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობაზე, საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე; სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. 2015 წლის მონაცემით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში, რაც მეტყველებს გაერთიანებული სამეფოსთვის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯზე. უმსხვილესი ბრიტანული კომპანია British Petroleum უკვე 20 წელია მოღვაწეობს საქართველოში და  დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე  საერთაშორისო  უსაფრთხოების თემებზე და ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესახებ ისაუბრეს.

"მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე;  მათ შორის,ჩვენს რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებულ ვითარებაზე. ჩვენ ერთხმად დავგმეთ ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რაც სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს კაცობრიობის წინაშე და ხაზგასმით აღვნიშნეთ მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობა,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული  სამეფოს საგარეო საქმეთა და  თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა საქართველოს მიერ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ მიმართულებით.

„საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით. ეს  არის ფართოდ აღიარებული მთელ მსოფლიოში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაზე ადვილია ბიზნესის წარმოება და ერთ-ერთი ლიდერია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ეს მაჩვენებელი ზრდის საქართველოს, როგორც ცენტრის პოტენციალს, აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ფილიპ ჰამონდმა.

მისი თქმით,  ბრიტანეთი  მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და მიიჩნევს, რომ განხორციელებული რეფორმები ქვეყანას წარმატებას მოუტანს.

„დიდი ბრიტანეთი საქართველოს მტკიცე პარტნიორია და ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, განახორციელოს მთავარი რეფორმები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას ნატოსთან და მიმაჩნია, რომ ეს რეფორმები კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ნატოსთან," - აღნიშნა ჰამონდმა.

დიდი ბრიტანეთის  საგარეო საქმეთა და  თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ისაუბრა.

„საქართველოს მართლაც გააჩნია მნიშვნელოვანი რეპუტაცია გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებელია მან დაიცვას და შეინარჩუნოს ასეთი მაღალი დონის რეპუტაცია," - განმარტა ფილიპ ჰამონდმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფილიპ ჰამონდს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და მისი ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად შეაფასა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური