საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

უცხოელი პარტნიორების დახმარება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-25

საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს მთავრობას, დაახლოებით, 135 მლნ ევროს სესხს და 5 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თანხა მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

„გარდა ამისა, დაფინანსდება ჩვენთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება," - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტისთვის 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა.

"ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას," - განმარტა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში რეგიონებში გაიცემა გრანტები ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, დაიწყება ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური