საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გაფართოებული მოლაპარაკებები ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-22

სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში საქართველო-ბელარუსის თანამშრომლობაზე საუბარი ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებულ მოლაპარაკებებზე გაგრძელდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ ფორმატად შეფასდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომისიის სხდომებზე მიღწეული შეთანხმებების აღსრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მიზნით, კომისიის თანათავმჯდომარეებად ბელარუსის რესპუბლიკისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დაინიშნენ.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით არსებულ პოტენციალს, საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შედეგების შესახებ და შეთანხმებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ასევე, გაფორმდა შეთანხმება, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის, საქართველო-ბელარუსის ბიზნესსაბჭოს შექმნის შესახებ.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური